ისე მოხდა, რომ ამ წელს თქვენთან ერთად
არც მეტი არც ნაკლები 57 რესტორანი შემოვიარე და ალბათ ხვდებით, რომ თბილისური მომსახურების
ინდუსტრიის ტრადიციის თანახმად, ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა - სტაბილურობამდე
და ერთიან სტანდარტამდე, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გვიკლია.
დავიწყოთ კარგით:
1. „ბრედბარში“ ძველებურად გემრიელ სტაფილოს ნამცხვარს, ქათმის ღვეზელს და „ოპერას“ აცხობენ.
2. „ლიტერატურული კაფეში“ ისეთივე კარგია
მენიუ, როგორც 10-15 წლის წინ. ალუბლის ნამცხვარს, დღესაც თითებს ჩაატანთ.
3. „თბილ სიოში“ ბევრი რამის, რაც
არ უვარგოდათ, გაუმჯობესება სცადეს. არ ვიცი რა გამოვიდა, მაგრამ რომ შეწუხდნენ და
ეცადნენ, ესეც ძალიან კარგია.
4. „ბეღელში“ ძუნძღლიანი მენიუ გამოცვალეს
და ახალი აქვთ. ხინკალი კი ისევ ისეთივე გემრიელია.
5. „ახალ მზიურში“ არაჩვეულებრივი კინოჩვენებების
ტრადიციას ზამთრის სუსხის მიუხედავად მაინც ჯიუტად აგრძელეს.
![]() |
"პოლში" მზრუნველად დაგდებული ამოტრიალებული ეკლერი. გეფიცებით, ასე მოიტანეს |
ახლა ისე რა ამბები:
1. „მადათოვის სახლმა“ ხარისხი მთლად
არ გააფუჭა, მაგრამ საგრძნობლად დააგდო. ახლაც კარგია, მაგრამ აღფრთოვანებას აღარ იწვევს. ხაჭაპური აღარაა
ისეთი მაგარი (ყველი კარგია, მაგრამ ცომი აღარ ვარგა), ცხელი გოგრის სალათაც ვერაა
უწინდელივით თითების თან ჩასაყოლებელი, რაღაც-რაღაცეები აკლია. გამომცხვარი კომშისთვისაც
აღარ ემეტებათ ძველებურად დაკარამელებული ნუში და გაფორმებაზეც აღარ იკლავენ თავს.
ერთადერთი რამაც მათი კრეატიულობა შეინარჩუნა „ბუს კვერცხებია“, როცა 20 ლარად აბსოლუტურად უაზრო და არაფრისმთქმელ დესერტს ღებულობ: დატკბილულ
ნადუღზე დასხმულ ერთ კოვზ ჩაშაქრულ თაფლს, ორი პუნწკლი გატარებული ნიგვზით და მართლა
„ბუს კვერცხები“ გრჩება ხელში. „ბუს კვერცხებს“ როცა უკვეთავ - ამას იმსახურებ სწორედ.
![]() |
ერთიდაიგივე სალათა "მადათოვის სახლში" |
2. „კანაპეში“ არ მახსოვს ბოლო რამდენი
წელი, მაგრამ აშკარად ძალიან ბევრი, ერთნაირად გემრიელი და ძალიან მაგარი ტარტალეტკა
რომ ქონდათ, მაინცდამაინც ჩემი ქება-დიდების მერე გამოცვალეს მცხობელი ან რეცეპტი და
აღარ ვარგა.
3. მომსახურება და ატმოსფერო გაუარესდა
„პოლშიც“ (აუტანელი ყაყანი, თეფშზე ამოტრიალებულად
დაგდებული ეკლერი, უყურადღებო მიმტნები...) და ნამცხვრებიდან რაც არ უვარგოდათ, დღემდე
არ ვარგა. ტარტის ჭამისას, ისეთი მაგარია ფსკერი, შეიძლება თეფში ან კოვზი შემოგატყდეს.
4. ჩემს სათაყვანო და ნალოლიავებ „სირაჯხანაში“,
კომპოტის გრაფინის ფსკერისგან მოხატულს და ტკბილი სითხისგან ბუზების საჭერ ზედაპირად
ქცეულ გადაუწმენდავ მაგიდასთან დამსვეს. თუმცა, საჭმელი და გარემოს ისევ არაჩვეულებრივი
აქვთ.
5. „ინგლისურ ჩაის სახლშიც“ აღარ აქვთ
ჩემგან ხოტბაშესხმული ბრაუნი - არ ვიცი რას ერჩოდნენ რაც იყო იმას, მაგრამ ახლა რაც
აქვთ, მომკალი და არაა მაგი ჩემი სიდედრი. თავზე საკმაოდ უხარისხო შოკოლადმოსხმულ და
გაუსაძლისად გატკბილებულ ნამცხვარს, აღარც ნიგოზი აქვს და აღარც ძველებური სინაზე.
და, რაც შეეხება ცუდს:
1. ცნობისმოყვარე ჟირაფებიანი „კოფიბრეიქი“
დაიხურა, რაც რატომღაც არ მიკვირს.
2. სამწუხაროდ, დაიხურა „ბურგერბარი
გასტორნომიც“, რომელიც კარგი ხარისხის მიუხედავად, პარტნიორებს შორის კონფლიქტს შეეწირა.
თუმცა, მათი მენიუს გასინჯვა „რესპუბლიკა გრილ ბარში“ შეიძლება.
![]() |
კარგად გადაწმენდილი მაგიდა "სირაჯხანაში" |
3. კაფე „ლა ფრანსი“, მკვდარი მკვდარს
აეკიდაო, „პომიდორისიმოს“ შეეკედლა პირველ სართულზე.
4. უკვე მეორე წელია ბათუმის „რეტროში“
სეზონზე, ანუ ზაფხულში კლიენტების მატებასთან ერთად ხაჭაპურის ხარისხს აფუჭებენ (ყველის
რაოდენობა კლებულობს და ხარისხიც ვერაა ძველებური), ამ ზაფხულს თბილისშიც მიბაძეს.
დიდი ხანია ეგეთი ცუდი აჭარული არ მიჭამია არსად, ყველი იყო მძაღე. შეიძლება ერთჯერადი
მოვლენა იყო, მაგრამ მე აღარ შევსულვარ - არ ვატარებ საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს.
5. „დანკინის" უგემრიელესი ხაჭაპურიც გაბანძდა, ცარიელი გაფშიკინებული ცომია და აღარც ყველია რომ უნდა იყოს ისეთი. აშკარად დაეტყო, რომ "სმარტის" სამზარეულოში აღარ აცხობენ.
ჰო, კიდევ ფრანგულმა გზამკვლევმა, "გო და მიიომ" საქართველოს რეტორნებს ჩამოუარა და 40 საუკეთესო დაასახელა. ჩამონათვალი ჩემში და სხვებშიც ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს ობიექტურობასთან დაკავშირებით და ისიც აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული გზამკვლევი პირველად არ ეხვევა მსგავს სკანდალში. სხვა ქვეყნებშიც ხშირად ხდება მათი რეიტინგი საფუძვლიანი უკმაყოფილების საგანი. არ გამოირჩევიან, მოკლედ, დიდი პატიოსნებით და საქართველოში ხომ საერთოს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბიზნესმენების (რესტორატორების) ვიწრო წრემ იხალისა ერთმანეთში - ერთმანეთი და საკუთარი რესტორნები დაიჯილდოვეს. მე კი საქმე გამიჩნდა, შემოვივლი ყველას და ამ ძაღლის წელში თვითონ დავრწმუნდები სადაა ძაღლის თავი დამარხული. სხვათა შორის, "გი და მიიოსთან" "მადათოვის სახლს" და "სირაჯხანას" ძალიან მაღალი რეიტინგი აქვთ.
მოკლედ, ბდნიერ 2018 წელს გისურვებთ და მალე დაგიბრუნდებით 40 საუკეთესო რესტორანთან ერთდ!
Comments
Post a Comment