არის რესტორნები, სადაც ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მაინც შარზე ხარ და რაღაც არ მოგწონს. არის ადგილები, სადაც შეხვალ თუ არა, ყველაფერი უკუღმა მიდის და მაინც ყველაფერი მოგწონს. აი, სწორედ ასეთია „სირაჯხანა“. შევედით, ზედ არავინ გვიყურებდა, არადა ბევრნი იყვნენ. ერთი მხრიდან მოვუარეთ - საკმაოდ დიდ დარბაზს ღვინის თაროები ყოფს ორ ნაწილად - არაფერი. მეორე მხრიდან შემოვუარეთ და ისევ არაფერი. შემოგვხედავენ და ურეაქციოდ გვერდზე გაიხედავენ. წინასწარ დაჯავშნული მაგიდა მოვიძიეთ თვალებით, არაა. მერე, გვერდზე ჩაქროლებულ მიმტანს ვტაცეთ მკლავში ხელი და ჩვენი ჯავშანი მოვიკითხეთ. არ ახსოვდათ, მაგრამ დაფაცურდნენ: ერთმა მეორეს კითხა, მეორემ მესამეს... თავისუფლად დარჩენილი ორი მაგიდიდან საუკეთესო შემოგვთავაზეს - შემოსასვლელ კართან. გაგვიღიმეს, მენიუ მოგვართვეს, თავზე ხელი გადაგვისვეს და დაგვიყვავეს. მიუხედევად იმისა, რომ ნაბუხრალში შეჭუჭყნულ მინიატურულ მაგიდასთან შედარებით, ჩვენი ბევრად უფრო პერსპექტიულად გამოიყურებოდა, მოგეხსენებათ შესასვლელში იდგა და კარი რამდენი იღებოდა, იმ...